მთავრობამ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა, - შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
ავტორი: ნიუპრესი