მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება იზრდება
ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება იზრდება 66 მლნ ლარით და 343 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილებოდა.
მისი განმარტებით, გაზრდილი შემოსავლების შედეგად დაფინანსების გაზრდა დაიგეგმა.
"მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის აღდგენაც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე დაგეგმვის დროს იყო გათვალისწინებული. ასევე დადებითად იმოქმედა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა საშუალება მოგვცა განვაახლოთ ეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტებიც.
დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები, დღგ-ის გაზრდის შედეგად 1 366,7 მლნ ლარს მიიღებენ, რაც 100,3 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება იზრდება 66 მლნ ლარით და 343 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის - 65 მლნ ლარით იზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი, ხოლო 1 მლნ ლარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის განსაზღვრული ტრანსფერი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ავტორი: ნიუპრესი