მუზეუმის მმართველი, რომელმაც უნიკალური ფოტოარქივი შექმნა
რამაზ მორჩაძემ 30 წლის მანძილძე 5 000 ფოტოსურათი და 300 000 ფოტონეგატივი შეაგროვა. ფოტოების ნაწილი უნიკალურია და მათი ნახვა მხოლოდ ქუთაისის მუზეუმშია შესაძლებელი. მუზეუმის დირექტორმა მრავალწლიანი შრომა ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმში გააერთიანა, სადაც საუკუნის წინანდელი ქუთაისის ნახვაა შესაძლებელი.
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისის მ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს ახალი, მუდმივი შენობა გადაეცა. შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში, ისტორიულ და ტურისტულ უბანში გამოიყო. ისტორიულ უბანში მუზეუმი ტურისტების ერთ–ერთი ლოკაციად უკვე გადაიქცა. უცხოელი და არამარტო უცხოელი სტუმრები შეძლებენ ქუთაისის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოები დაათვალიერონ. მუზეუმში ათასობით ფირი და ფოტო ინახება. გასულ წლამდე ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი დროებით ფართში იყო განთავსებული.
რამაზ მორჩაძე დღემდე თავად აგროვებს უნიკალურ ფოტოებს და სხვადასხვა თემატიკაზე გამოფენას მართავს.
–მუზეუმის ფონდში დაცულია 5000 ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი, 110 კომპაქტდისკი 30 000 კადრით, 40 ყუთი 16მმ-იანი და 5 ყუთი 35მმ-იანი კინოფირი, რომლებზედაც ქუთაისის ყოფა-ცხოვრების ასწლოვანი ისტორიის კადრებია ასახული. მუზეუმში ათეულობით ათასი ფოტონეგატივი და ათასობით ფოტოსურათი ინახება, რომელთა დამუშავება-იდენტიფიკაცია პერიოდულად მიმდინარეობს.
–როგორ ახერხებთ ფოტოების მოძიებას და გიჭირთ, თუ არა მფლობელის დათანხმება დაგითმოთ ნივთი?
–თვითონ დავდივარ და ვეძებ ფოტოებს. როგორც გითხარით, ათასობით ფოტო მოვაგროვე. უმეტესობა კერძო ალბომებიდან არის, რომელშიც თავად ვიხდი თანხას. ვპოულობ და ვყიdულობ. დიდi შრომაა ჩადებული ამ მუზეუმის არამარტო ნივთების მოგროვებაში, არამედ შემდგომ მათ დახარისხებაში. ახლა მუზეუმი გვაქვს. ადრე დროებით შენებებში ვიყავით და მაინც შევძელით დაცვა. ჩვენს არქივში არის ფოტოები, რომელიც უნიკალურია და არ არსებობს სხვაგან, აქ ნახავთ მეცხრამეტე, მეოცე საუკუნის ქუთაისის ამსახველ ფოტოებს.
–რატომ დაინტერესდით ამ საქმით?
–ადრე ქალაქკომში ვმუშაობდი კულტურის განყოფილების უფროსად. შემდეგ გადამიყვანეს ახლად შექმნილი მუზეუმის დირექტორად. აქედან იწყება ჩვენი მუშაობაც. რომ დავინიშნე, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა და დავიწყე ფოტოების მოგროვება. არაფერი არ არსებობდა თითქმის და ჩვენ შევძელით. არის ფოტოების ციფრული ვერსიები, ჩვენ ყველა ღონისძიებაში ვმონაწილოებთ, რაც ქალაქში გამართულა. გამოფენები გაქვს ორმაისობას, 26 მაისს.
–ტურისტები თუ ინტერესდებიან მუზეუმით?
–მოდიან, ათვალიერებენ და ძალიან მოსწონთ. თან ისეთ ადგილზე არის, რომ ადვილად ხვდება ტურისტულ მარშრუტში. ასევე მოდიან ადგილობრივები, სტუდენტები, რომელთაც ვასწავლით და ვაცნობთ ჩვენთან დაცული ფოტოების შესახებ. რაც შეეხება სკოლებს, ვერ ვიტყვი, რომ თავს იკლავენ, მაგრამ ახალი გადმოსულები ვართ და ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენთან თანამშრომლობა მოუნდებათ.
–„ძველი ქუთაისი“–გამოფენა, რომელიც ბოლოს მოეწყო, რომელი წლების ფოტოებია წარმოდგენილი და რა თემაზეა?
–ჩვენი მუზეუმი დიდ ხანია გადმოსული არ არის და რამდენიმე გამოფენა უკვე გაიმართა. ბოლო იყო აკაკი წერეთლის ფოტოების გამოფენა. ამჟამდ მუდმივ ფოტოგამოფენას ვამზადებთ, ეს არის ჩვენი ქალაქის იერ-სახის აღმსახველი ფოტო მასალა.
მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში, 1900 წლიდან 1950 წლის ჩათვლით გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი. დღეიდან, დამთვალიერებელს საშუალება აქვს მუზეუმში მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისი იხილოს, იმოგზაუროს ქუთაისის ძველ უბნებსა და ქუჩებში, დაათვალიეროს მაშინდელი რიონის ნაპირი და მიმდებარე დასახლებები, აგრეთვე, ქუთაისის შემოგარენი და მისი არქიტექტურული ძეგლები. ვცდილობთ ეს გამოფენა გავამრავალფეროვნოთ. ამ ეტაპზე, ძველი ქუთაისის ისტორიას 30 - მდე ფოტო აცოცხლებს. თუმცა პერიოდულად, მოხდება ექსპოზიციის განახლება და შევსება ახალი ფოტოებით.
_მუშაობთ თუ არა სხვა თემაზე და რას შესთავაზებთ დამთვალიერებელს?
–ახლა მინდა გავაკეთო ფრანგული ფოტო გამოფენა. ვეძებ 100 წლის წინათ გადაღებულ ფოტოებს. კათოლიკეებს აქვთ ბევრი სურათები და ვთანამშრომლობ მათთან. ფოტოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით ვაკეთებ ამ გამოფენას. შრომა დიდია, მაგრამ მეტს არავის ექნება ასეთი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება იმჟამინდელი ეროტიული ფოტოები, რაც ხელოვნებად არის ქცეული.
–თავად თუ იღებთ ფოტოებს?
–არა, არ ვარ ამ კუთხით მომზადებული. მე მხოლოდ ფოტოებს ვაგროვებ.
–თანამედროვე ფოტოხელოვნებაზე რას იტყვით?
–ფოტო მიყვარს და ვადევნებ თვალს. თანამედროვე ხელოვნებაც მომწონს. ზოგადად, ქუთაისში ყოველთვის ძალიან კარგი ფოტოგრაფები იყვნენ.
–თანამედროვე მშენებლობებმა თითქმის შეცვალა ძველი იერ–სახე, რომლებიც ახლა მხოლოდ თქვენს ფოტოებში შემორჩა, მოგწონთ თუ არა მიმდინარე მშენებლობები?
–მე არქიტექტორი არ ვარ და ვერ შევაფასებ პორფესიულად, მაგრამ მთავარია მშენებლობა კომპოზიციური იყოს და არა ამოვარდნილი არსებული იერ-სახიდან, უნდა შეესაბამებოდეს არსებულ შენობებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი