ლიტერა -მწერლების უპრეცედენტო პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
მწერლების უპრეცედენტო პროტესტი - ორი დღეა ლიტერატურულ კონკურსს "ლიტერა" მწერლები და ჟიურის წევრები ტოვებენ. მონაწილეების შემდეგ კონკურსი ჟიურის წევრებმაც მიატოვეს. მიზეზი თავისუფალ მედიაზე თავდასხმა და საბჭოთა სტილის მმართველობაა.
კონკურსის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი, თეა წულუკიანის კადრი, საბჭოთა გამოცდილების მქონე იოსებ ჭუმბურიძე დარჩა.
,,ლიტერას" კონკურსის ჟიურის ყოფილი წევრის მწერალ ლელა კოდალაშვილის განცხადებით, ის რაც კულტურის მინისტრმა ჩაიდინა, 35 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
"წულუკიანმა მწერლებს ჩაუსვა მაკონტროლირებელი ორგანო ერთი ადამიანის სახით და ფაქტობრივად ჩაშალა ჟიურის სამუშაო პროცესი. ანუ ლიტერატურული თემა საერთოდ უკან წავიდა და წამოიწია პოლიტიკური პრიოროტეტები, პოლიტიკური კონიუქტურა, თანაც ძალიან უხეში და საბჭოთა მეთოდებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რადიკალურად გვემოქმედა და ჩაგვეშალა ეს ყველაფერი", - განაცხადა კოდალაშვილმა.
მწერლები და საზოგადო მოღვაწეები საერთო განცხადებს ავრცელებენ, რომელშიც მოუწოდებენ კულტურის მინისტრს, უკან გაიწვიოს მის მიერ დანიშნული ჟიურის წევრი და შეწყვიტოს ცენზურა.
"მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული ,,ლიტერას" ჟიურის წევრი, შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება"- წერია პენცენტრის განცხადებაში, რომელსაც 80-მდე მწერალი აწერს ხელს.
როგორ გადაწყდება სადავო ლიტერატურული კონკურსის ბედი, კულტურის მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, პირველმა პროტესტი წულუკიანის გამინისტრებას მწერალმა ტორესა მოსიმ გამოუცხადა, მის განცხადებას კონკურსიდან თავისი წიგნის მოხსნის შესახებ მოკლე ხანში სხვა მწერლებისა და მონაწილეების განცხადებები მოყვა.
კონკურსი "ლიტერა" 2015 წლიდან არსებობს.
ავტორი: ნიუპრესი