|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მხარდაჭერას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს - გიორგი ვაშაძე

„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში მიდის პროტესტი და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, სრულ პატივისცემას, მხარდაჭერას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს. მართლაც, ყოჩაღ თქვენს გამძლეობას ამ ურთულეს პერიოდში“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, არა სპეცრაზმებით და პოლიციელებით ესაუბროს პროტესტის მონაწილეებს, არამედ დიალოგის ფორმა შეარჩიოს.

„უნდა ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ...მივიჩნევთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკრებულომ, რომელიც არის მოსახლეობის წარმომადგენელი, ხალხთან ერთად უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ჰესთან დაკავშირებით, ან შეიძლება ჩატარედეს ადგილზე პლებისციტი, მაგრამ მანამდე რიონის ხეობის ყველა მაცხოვრებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი მოაქვს ამ ჰესს, რას მიიღებს კონკრეტული რაიონი ამ ჰესისგან ან რა საფრთხეებია. ეს უნდა ხდებოდეს პროფესიონალურად და არა ზედაპირულად“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის გარეშე საქართველოში ვერასდროს ვერცერთი ჰესი ვერ აშენდება:

„რასაც იტყვის ადგილზე უმრავლესობა, ის გადაწყვეტილება იქნება და ხალხს უნდა დავემორჩილოთ აბსოლუტურად ყველა“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი