"იმერეთიდან 20 ათასამდე ემიგრანტია"
მხოლოდ იმერეთიდან 20 ათასამდე ემიგრანტია, - ამის შესახებ "საიას" წარმომადგენელმა მეკო ჩაჩავამ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ შეხვედრაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთელი წლის მუშაობა შეაფასეს. "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორის თეონა გოგიშვილის თქმით, მათ მნიშვნელოვანი მონიტორინგი აწარმოეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ასევე გამოსცა რეკომენდაცია მაჟორიტარების ბიუროების შესახებ. მისი თქმით, წელს შშმ პირთა მეტი ჩართულობა აღინიშნა საარჩევნო პროცესში. მომავალ წელს ორგანიზაციის ყურადღება თვითმმართველობის არჩევნების მიმართ იქნება მიპყრობილი.
ორგანიზაციის მუშაობა შეაფასა „საიას“ წარმომადგენელმა ნოდარ ჯიქიამ. მისი თქმით, "ახალგაზრდა იურისტების" ფილიალი იმერეთში უკვე 20 წელს ითვლის. მიმდინარე წელს კი ორგანიზაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა აწარმოა, რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა პროექტი განახორციელა.
ავტორი: ირინა მაკარიძე