|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალების“ ლიდერების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა - გუბაზ სანიკიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ერთი ნაწილი გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გაკრეფა მოხდა, - ამის შესახებ  გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ გეგმის ნაწილია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის გარიყვა და გიგა ბოკერიას გაძლიერება.

„ვიცით, ვინ არის ავტორი - იდეები მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და განხორციელება მოხდა უსაფრთოების სამსახურის მიერ. ეს არჩევნები ჩაატარა სუს-მა. იმუშავეს შანტაჟით, დაშინებით, მათ შორის, რომ მიშა მოდის. გეგმა იყო გაცხადებული - 100 მანდატზე ნაკლები არ დავინახოო. რა თქმა უნდა, მოინდომეს და მონდომებამ იცის გეგმის გადაჭარბებით შესრულება. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა მამლუქების მიერ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დღეს ჩვენ მივიღეთ ორპარტიული სისტემა დე იურედ, მაგრამ დე ფაქტოდ - ერთპარტიული, ვინაიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას და ეს, პირველ რიგში, ამ პოლიტიკური ძალისთვისვე სახიფათოა.

„მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ - დღეს პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაშია. ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ქუჩას ვერ აკონტროლებს“, - დასძინა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა, თუმცა პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი განცხადებით, "ხელს შეუწყობს დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას". 

ავტორი: ნიუპრესი