|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ "ნიუპრესს" განუცხადა, აღარ აპირებენ "ქართული ოცნების" ფარსში" მონაწილეობას:

"ჩვენ არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ფარსში მონაწილებას, მოსალოდნელი დაშინების, შანტაჟის და ამომრჩევლის მოსყიდვის პირობებში. 21 ოქტომბერს არ იყო არჩევნები, არამედ ეს იყო "ქართული ოცნების" და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია" -განაცხადა შუშანიამ.

 

ცესკოს ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მერების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედვად, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მორიგი რაუნდი მაინც გაიმართება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

”საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი