გახარია ნამახვანჰესზე - ეკონომიკურ ნაწილს არ ვიცნობს, სხვა ჰესების კონტრაქტზე უკეთესია
ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე გაფორმებული კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, არ ახსოვს, ეს კონტრაქტი, როგორ გაიარეს.
„ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არის ძალიან ზედაპირული. მე მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ფაქტია უბრალოდ, მე ახალს კი არაფერს ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტრილება მიიღო 2019 წლის აპრილში. მაშინ მე საერთოდ შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს. ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარეს. უბრალოდ, თქვენ რომ შეადაროთ ეს კონტრაქტი სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს... თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია“, - აცხადებს გახარია.
მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მთავარ პრობლემად ასახელებს ქვეყნის ეკონომიკას და ენერგოუსაფრთხოებას, რომელიც, მისი შეფასებით, პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული.
„მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. პრობლემა აქ არის კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა, თუ არ დალაგდა, ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, - მიიჩნევს გახარია.
ავტორი: ნიუპრესი