|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიაბერაშვილი: ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ახალი კლინიკები

„სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა, 2012 წლის საქტემბრიდან, იქნება ორ მილიონზე მეტი. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებული ვართ ვიცოდეთ, რომ ყოველ საავადმყოფოში, სადაც ისინი მივლენ, ემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ექთნები,“ – ეს განცხადება  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს ზესტაფონში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მინისტრი,  ელჩებთან ერთად, დღეს ზესტაფონის ახლადგახსნილ კლინიკას ესტუმრა. მან ევროკავშირის, ჩეხეთის, შვეიცარიის, უკრაინისა და ყაზახეთის ელჩებს, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტი ადგილზე გააცნო.

„ზესტაფონის რაიონში მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად აღარ უწევთ სხვაგან წასვლა.ახლა, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს ახალი კლინიკები. ჩემთან ერთად იმყოფებიან ელჩები და ისინი თავიანთი თვალით ხედავენ, როგორ უმჯობესდება ჯანდაცვის სექტორი,“ – განაცხადა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ეს არ არის პირველი დაწესებულება, რაც მე მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვცხოვრობ, ვხედავ უდიდეს პროგრესს ჯანდაცვის სფეროში,“ – აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ივან იესტრჟაბმა.

ზესტაფონში, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალისის“ კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 25 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში 208 ადამიანია დასაქმებული.ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია ,,ირაომ“, 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გახსნის შემდეგ, ზესტაფონის სამედიცინო ცენტრში, 4523 ამბულატორიული პაციენტი მიიღეს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე