|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილები ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებენ

აჭარაში მცხოვრებმა 100–მდე დევნილმა ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში გაცემული დაპირებების შესრულებისაკენ მოუწოდებენ და საცხოვრებელი ფართებით დაკამყოფილებას ითხოვენ.

დევნილების თქმით,  ძველი ხელისუფლების დროს, 2006 წელს, მათ კომპენსაციის სახით 7 000 დოლარი მისცეს. თუმცა აღნიშნული თანხით ბინის შეძენა ვერ შეძლეს და ქუჩაში აღმოჩნდნენ.

„უკვე წელიწადი და სამი თვეა რაც  ქუჩაში  ვდგავართ და აქციებს ვმართავთ. კომპენსაცია რომ მოგვცეს, საცხოვრებლები დაგვატოვებინეს. დევნილების ნაწილი ნაქირავებში ცხოვრობს. მე ოჯახი ნათესავებთან მყავს განაწილებული. შემდეგ გვეუბნებოდნენ, სტრატეგიულ გეგმაში ხართ ჩასმული და ბათუმში, თამარის დასახლებაში ობიექტი რომ აშენდება, იქ შეგასახლებთო. იქ აშენდა საცხოვრებელი, თუმცა ის წყალტუბოდან, ზუგდიდიდან და ფოთიდან დევნილ ოჯახებს გაუნაწილეს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე დოლიძე.

დევნილების განცხადებით, არჩევნებმადე მათ ქვეყნის პრემიერისაგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს. დევნილების თქმით, დაპირებები დევნილთა მინისტრისგან, დავით დარახველიძისგანაც მოისმინეს. თუმცა "გუშინ მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება კომპენსირებულ დევნილებს  ახალი კომპენსაცია მისცესო. ჩვენ გვაინტერესებს ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუ პრემიერთან იყო შეთანხმებული,“ - ამბობენ დევნილები.

აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე შეხვდა.

საგანელიძის თქმით, დევნილთა  საკითხებზე სპეციალური უწყება უკვე მუშაობს, თუმცა საკითხის მოკლე დროში გადაჭრა შეუძლებელია.

„ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები დღეს პარლამენტის შენობასთან დგანან და აქედან უწევთ ხმის მოწვდენა. დევნილებისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ 70 ისეთ ოჯახს გადაეცა ბინები, რომლებსაც ამის საჭიროება არ ჰქონდათ და აგარაკებად იყენებენ მას. მე პირადად დავინტერესდები ამ ბინების გადაცემის საკითხით. თითოეული დევნილის პრობლემა ცალკე  უნდა იყოს შესწავლილი,“ - ამბობს საგანელიძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა