საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატები კენჭს ხუთშაბათს უყრიან
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ემზადება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი მიმდინარე
კვირაში, ხუთშაბათის პლენარულ სესიაზე უყრის კენჭს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის
თქმით, უმრავლესობას 89 ხმა გარანტირებული აქვს. როგორც საგანელიძე ამბობს, ხმების ამ რაოდენობას ის ფრაქცია ემატება, რომლის წევრები საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტზე მხარდასაჭერად თანხმობას აცხადებენ.
„ეს არის ის გაცხადებული ხმები. გარდა ამისა, მე მაქვს ინფორმაცია გარკვეული ადამიანებისაგან, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ამ კანონპროექტს მისცენ ხმა. გვარებს არ დავასახელებ. რამდენი იქნება ასეთი ვერ გეტყვით. რაც შეეხება უმცირესობას, მათ სურთ თვითონ მიიღონ ერთობლივად გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო ცვლილებები სავაჭრო თემა არ არის და ვერც ვივაჭრებთ,“ - ამბობს საგანელიძე.
საპარლამენტო უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებების პროექტის გასატანად უმრავლესობას საკოსნტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. უმცირესობის დეპუტატის მიშა მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეტად ქვეყანას პრობლემები აწუხებს. ხელისუფლება კი აღნიშნული საკითხით მხოლოდ სპეკულირებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრეზიდენტისათვის პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ, კონსტიტუციიდან ამოვა მუხლი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მდებარეობას განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პრეზიდენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უმცირესობასთან მართავს შეხვედრას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვდება.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქუთაისშია და ის უმცირესობის წევრებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ზეწოლას ახდენს,“ - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე