აკაკი ბობოხიძე "ნაციონალების" მიერ აშენებული ხიდის დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს
წყალტუბოს მაჟორიტარი აკაკი ბობოხიძე მუნიციპალიტეტების
სოფლების -მამაწმინდასა და ჟონეთის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟის საკითხით დაინტერესებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
მამაწმინდასა და ჟონეთის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟი გასულ კვირას დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლების მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა მიღებული გადაწყვეტილების გამო გზის გადაკეტვით იმუქრებოდა.
როგორც ბობოხიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვტილება დიდი ჰესების არ აშენების შესახებ.
ბობოხიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მინისტრმა ჩათვალა, რომ რადგან ჰესები არ აშენდებოდა, ხიდი, რომლის საშუალებით მშენებლობის ადგილას საჭირო მასალები უნდა მიეტანათ, საჭირო არ იყო.
„რაც ხდება ენერგეტიკის მინისტრის ბრალია. ეს ხიდი
მარტო ჰესების მშენებლობისათვის კი არა, მოსახლეობისათვის იყო აშენებული. მინისტრმა განაჩენი გამოუტანა მამაწმინდასა და ჟონეთს. სადაც ერთმანეთთან მისასვლელი
გზა არ არსებობს, ხოლო მეორე ჩასაძირად არის განწირული. ტენდერი ჩატარებულა ხიდის დემონტაჟზე. არ ვიცი ახლა რამდენად მოხდება ამ ფორმით მისი შეჩერება.
ორი სამინისტროს, ენეგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შეუთანხმებელი მუშაობის გამო ვართ ამ სიტუაციაში,“ - ამბობს ბობოხიძე.
ბობოხიძის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას 20 წელზე მეტია ელოდება, რის გამოც მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარება ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, როგორც წყალტუბოს მაჟორიტარი ამბობს, აღნიშნული ხიდით ლეჩხუმისა და რაჭისკენ ხდება გადაადგილება.
ბობოხიძის ამ განცხადების საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა
ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ დეპუტატი იტყუებოდა, რის შემდეგ ბობოხიძემ მოითხოვა,
რომ ნიშნიანიძე და რადენიმე დეპუტატი ჟონეთში გაყოლოდნენ მისი ნათქვამის სისწორეში დასარწმუნებლად.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე