გია თევდორაძე: "მეც და ქუთაისელებს ქუთაისის მომავლის გვეშინია"
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის და ქუთაისელები შიშით შეჰყურებენ ქალაქის მომავალს - აღნიშნულის შესახებ თევდორაძემ პარლამენტში დღეს, პლენარულ სესიაზე განაცხადა.
თევდორაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ქუთაისის მიმართ უამრავი დაპირება გაიცა, რომელიც არ შესრულებულა. აღნიშნულის მაგალითად დეპუტატი ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოებს ასახელებს.
მისი თქმით, თანხა გამოყოფილია, სამუშაოები გასული წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერჯერობით ამის ორგანიზება ვერ მოახერხა.
„მეც და ქუთაისელებიც შიშით შევყურებთ ქუთაისის მომავალს.
რეგიონალურ მედიასთან გამართული შეხვედრისას ქვეყნის პრემიერმა ბუნდოვნად ისაუბრა ქუთაისის
სამომავლო გეგმებზე. თქვა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს რაღაც უნივერსიტეტთან და
საუბარია გადამამუშავებელი ქარხნის დაარსებაზე. მაინტერესებს, რა უნივერსიტეტზე, რა
ქარხანაზეა საუბარი და რაში ხედავთ ქუთაისის ფუნქციას?,“ - ამბობს თევდორაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე