კინოგადაღებები მზრუნველობამოკლებული ბავშვების ავტორობით
დღეს ქუთაისის ისტორიულ უბანში კინოგადაღებები დაიწყო.
ფილმის გადაღებას „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" მზრუნველობამოკლებული ბავშვები აწარმოებდნენ. გადაღებების პროცესს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე უძღვებოდა.
ფილმზე მუშაობა, პროექტის „სარკმელი კინოსამყაროში“ ფარგლებში მიმდინარეობს (პროექტის ავტორი თეა გაბიძაშვილი). აღნიშნული პროექტი მესამე თვეა ხორციელდება ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებთან.
ფილმის გადაღებებისთვის მზადებაც ამავე ვადებში მიმდინარეობს. ბავშვები ეტაპობრივად გაეცვნენ ფილმის გადაღების ყველა ეტაპს. პროფესიონა დრამატურგისა და მსახიობების დახმარებით ბავშვებმა დაწერეს სცენარი, ჩაატარეს კასტინგი, განახორციელეს ფილმის კადრირება, ხოლო დღეს მოახდინეს ნატურაზე გადაღებები.
სურათის (სამუშაო სახელწოდებით „ლიმონი“) პრეზენტაცია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. მანამდე კი მასალა სამონტაჟო მაგიდაზე გადაინაცვლებს, სადაც ბავშვები ოპერატორ და რეჟსიორ გია დვალიშვილთან ერთად ფილმის საბოლოო სახის მიცემაზე იმუშავებენ.
ფილმი მხატვრულია და ფორმატით მოკლემეტრაჟიანი.
„ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის მრავლისმიმცემი პატარებისთვის. ისინი ჩაერთვნენ სამუშაო რეჟიმში. გამაოცა მათმა გონებამახვილობამ, დაუღლელობამ. დღეს იყო გადაღებები და როგორც დირიჟორს ორკესტრი ისე მოგვყვებოდნენ. ვფიქრობ, რომ თუკი ამ ბავშვებს რაიმე შეეშლებათ ცხოვრებაში ეს იქნება ჩვენი ბრალი. ამიტომ აუცილებელია ყველა ჩვენთაგანმა გააკეთოს მათთვის რაც შეუძლია“, - მიაჩნია ნანა ჯანელიძეს.
"სარკმელი კინოსამყაროში" "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.ავტორი: ეკა კუხალაშვილი