საკრებულოებში შუალედური არჩევნები შესაძლოა წელიწადში სამჯერ ჩატარდეს
საკრებულოებში შუალედური მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების
ვადები და სიხშირე იზრდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტით,
საკრებულოში გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად
არჩევნების ჩატარება წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება. არჩევნების გამართვის თარიღად კანონპროექტში თებერვალი, ივნისი და ოქტომბერია მითითებული.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას გამოიწვევს, რადგან შესაძლოა არჩევნები წელიწადში სამჯერ, სხვადასხვა ოლქში გაიმართოს. საარჩევნო პროცესის ორგანიზებას კი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება სჭირდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე