მიმართვა პროკურორს: "კბილაშვილმა კადრებს გადახედოს, სანამ თვითონ დაიჭერდნენ"
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს საკუთარ უწყებაში კადრების გადახედვისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ წულაიამ დღეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში განცხადების შეტანისას განაცხადა.
წულაიას თქმით, ის პროკურატურას ქუთაისის ყოფილი #44 სკოლის რემონტის საქმის შესწავლას სთხოვს. როგორც წულაია ამბობს, 2009 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 300 000 ლარიდან 400 000 ლარამდე გამოიყო სკოლის რემონტისათვის, თუმცა გარემონტების შემდეგ სკოლა, განათლების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ხოლო მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილეს.
ამ ეტაპზე შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და დაკეტილია.
გოგი წულაიას თქმით, მის პოლიტიკურ პარტიას პროკურატურაში უკვე მესამე განცხადება შეაქვს, თუმცა საგამოძიებო ორგანოდან მათზე რეაგირება ნოლის ტოლია.
„ბიუჯეტიდან ფული სკოლის შენობის რემონტისათვის გამოიყო და ამის შემდეგ შენობაში სკოლას უნდა გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ეს არის ჩვეულებრივი სამართლადარღვევა, მაგრამ ესენი „ნაციონალების“ გაფუჭებულს არაფერს იძიებენ. სისტემაში ისევ ნაციონალების კადრები რჩებიან. ამიტომ, მე მოვუწოდებ არჩილ კბილაშვილს, კადრებს გადახედოს, სანამ თვითონ არ დაიჭერენ,“ – ამბობს წულაია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე