ქუთაისში საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ სამი ბილეთი გაიყიდა
დღეს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ახალგაზრდა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლი იმართება „შემოსავლიანი ადგილი“. თუმცა 17:30 საათის მონაცემებით მხოლოდ სამი ბილეთია გაყიდული.
საქველმოქმედო ჩვენება ერთი კვირით ადრე დაიგეგმა და მოწვევა 800–ზე მეტ ადამიანს გაეგზავნა.
„მესხშვილის თეატრის დასმა გადწყვიტა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭრად ეთამაშათ სპექტაკლი, რომელშიც ახალგაზრდული დასი მონაწილეობს. ახალგაზრდები ეხმარებიან ახალგაზრდებს. ერთი კვირით ადრე გავავრცელე ინფორმაცია მესხიშვილის თეატრის ვებ–გვერდზე. პირველივე დღეს 800 მნახველი ყავდა ამ პოსტს, მაგრამ ახლა არის 17:30 საათი და გაყიდულია მხოლოდ სამი ბილეთი. მეუბნებიან რომ მოვლენ, იმედია ქუთაისი არ მოიჭრის თავს და არ აჩვენებს გულგრილ დამოკიდებილებას“, – ამბობს მესხიშვილის თეატრის პიარ–მენეჯერი ნანა ქაჯაია.
შეგახსენებთ რომ 26 წლის მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს სიცოცხლის გადასარჩენად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია – ძვლის ტვინის გადანერგვა. რისთვისაც საჭიროა თითქმის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი.
სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში დღეს 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 2,3 და 5 ლარს შეადგნეს.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი