სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატს ანგარიშზე თანხა გაუყინეს
"სამართლიანი საქართველოს" სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ბაძგარაძე პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარების თხოვნით მიმართავს.
ბაძგარაძე დავით უსუფაშვილისგან "ნაციონალური მოძრაობის" დროს მის მიმართ დარიცხული ჯარიმების გასაუქმებლად სამართლებრივი გზების მოძებნას ითხოვს.
როგორც ბაძგარაძე ამბობს, ის "ნაციონალების" რეჟიმის მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა. რის გამოც სხვადასხვა დროს (2010–2012 წწ), ორჯერ დააჯარიმეს.
ჯარიმის გადაუხდელობის გამო კი ბაძგარაძის საბანკო ანგარიშზე საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად დარიცხული თანხა დაყადაღებულია.
"ერთხელ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზის დატოვებისათვის 200 ლარიანი, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 400 ლარით დამაჯარიმეს. ცხადია, ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ არის შედგენილი. თანხის დაყადაღების გამო საარჩევნო კამპანიას ვერ ვატარებ. ამიტომ, დახმარებას ვითხოვ,“ – ამბობს ბაძგარაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე