ქუთაისში ტაქსის მძღოლებს აყაჩაღებენ
ქუთაისში, კერძო ტაქსის მძღოლები, ბოლო დროს გახშირებულ ყაჩაღობებზე ალაპარაკდნენ.
ქუთაისში, ტაქსზე დანაშაულებრივი თავდასხმის ფაქტი, როგორც ირკვევა, ორი კვირის წინ, საღორიის ტყესთან ახლოს მოხდა. "ხუთმა "კაპიშონგადაფარებულმა" მძარცველმა, საღორიის გზაზე გადმოიყვანეს მძღოლი. მუქარისა და ცემის ფონზე, წაართვეს ფული და ოქრო. ხოლო მანქანა, ორასი მეტრის მოშორებით, ხესთან შეჯახებული დაუტოვეს", - ამბობს ქუთაისელი ტაქსის მძღოლი, რომელიც სხვების მსგავსად, "ნიუპრესთან" დაყაჩაღების ფაქტებზე საუბრისას, უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურობას იცავს.
ტაქსის მძღოლების თქმით, დანაშაულებრივი შემთხვევების მატების გამო, ისინი მგზავრებს უკვე სიფრთხილით არჩევენ და საღამოს საათებში მუშაობასაც ერიდებიან. "ერთი თვის წინ, ჩემს მეგობარს თავს დაესხნენ. ამ ამბის შემდეგ კი უკვე მეც ვცდილობ, ღამით მგზავრი არ ავიყვანო,“ - ამბობს ტაქსის მძღოლი.
ტაქსებზე თავდასხმის შემთხვევების ზრდას, ქუთაისელი მძღოლები ამნისტირებულ პატიმართა დიდ რაოდენობას უკავშირებენ.
"მთვრალი ბიჭები ჩაჯდებიან ტაქსში და ამბობენ: "კაი ბიჭების მთავრობა მოვიდაო". ძალიან ცუდი იქნება თუ, ეს სიტუაცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება", - აბობს ქუთაისელი კერძო ტაქსის მძღოლი.
ავტორი: ანა ჯანაშია