"ოცნებისთვის" გათავისუფლებული მთავარი ექიმი სასამართლოს ვერდიქტით უკმაყოფილოა
„ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრებისათვის სამსახურიდან
გათავისუფლებული მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ნადირაძე სადაზღვევო კომპანია „ალდაგისაგან“ ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებთი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. თუმცა სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „ალდაგს“ ნადირაძისათვის ამავე დაწესებულებაში ექიმის თანამდებობაზე დაბრუნება დაევალა. ასევე, გაცდენილი, დაახლოებით 10-თვიანი პერიოდის ანაზღაურების მიზნით, კომპანიამ ნადირაძეს ყოველთვიურად 300 ლარი უნდა გადაუხადოს.
თემურ ნადირაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ნადირაძის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავარი, პოლიტიკური მოტივი, რაც მისთვის სამსახურის დაკარგვის მიზეზი გახდა.
„27 მაისს, თბილისში, „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩემი
ყოფნა რომ დაფიქსირდა, 15-20 წუთში, უშიშროებიდან დარეკვა დაიწყეს სად ხარო. ხოლო სამ დღეში, ასევე
სატელეფონო ზარის საშუალებით გამათავისუფლეს. დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში
დირექტორის გარდა, მე ბავშვთა ენდოსკოპისტის თანამდებობა მეჭირა. სასამართლომ მხოლოდ
ამ თანამდებობაზე აღდგენა დააკმაყოფილა, რასაც არ ვეთანხმები,“ - ამბობს ნადირაძე.
სამსახურიდან გათავისუფლებული მთავარი ექიმი იმასაც
ამბობს, რომ „მეგონა ჩემი პროცესი სამართლიანობის
აღდგენის ერთ-ერთი მაგალითი იქნებოდა, თუმცა არ გამოვიდა, რადგან სასამართლო ჯერ ისევ
ძველ ხელისუფლებას უჭირავს ხელში და ეს ამის ნათელი მაგალითია,“ - ამბობს თემურ ნადირაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე