სამტრედიაში "ნაციონალებს" აშინებენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის „ნაციონალების“
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რუსლან ნადირაძე მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე
საუბრობს. ნადირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის საარჩევნო კამპანიას არ ჩამოშორდება,
სამტრედიის სამმართველოდან მას მასზე "შეკერილი"
სისხლის სამართლის საქმით აშინებენ. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა
გია თევდორაძემ და რუსლან ნადირაძემ ქუთაისში,
პარტიის ოფისში განაცხადეს.
ნადირაძის თქმით, 11 აპრილს მასთან მისი კლასელი, სამტრედიის
სამმართველოს თანამშრომელი შალვა თავაძე მივიდა, რომელმაც გაფრთხილება მისცა.
„მითხრა, რომ თუ არ გაჩერდები ან თემიდან არ წახვალ,
შენზე სისხლის სამართლის საქმეს კერავენ და არჩევნების შემდეგ დაგიჭერენო.მე წესიერ
ადამიანს, ემზარ შუბლაძეს ვუდგავარ გვერდში და თუ ეს არის დანაშული, მაშინ დამიჭირონ,“ - ამბობს
ნადირაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით,
შუალედური საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებისათვის სერიოზული გამოცდაა, თუმცა ჯერჯერობით
ის ამ გამოცდას თავს ვერ ართმევს.
„მივმართავს ხელისუფლებას, რომ გონს მოვიდნენ. მათ არა
აქვთ იმის საჭიროება და ფუფუნება, რომ ასეთი უხეში დარღვევების ფონზე წარმართონ საარჩევნო
კამპანია,“ - ამბობს თევდორაძე.
რუსლან ნადირაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მასზე მსგავსი
ტიპის მუქარები გაგრძელდება, ის დახმარებისათვის სახალხო დამცველას მიმართავს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე