ქუთაისში მერობის მსურველთა სია 50 კაციანი იქნება?
ქუთაისში, ქალაქის მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა მერობის მსურველთა გარკვეული რაოდენობა უკვე ფიქსირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლის (რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგს ეწევა) ზურაბ ხურციძის თქმით, ამ დროისათვის ქალაქის ხელმძღვანელობის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე პიროვნებამ, რომელთა შორის როგორც საზოგადოებისათვის ნაცნობი, ისე უცნობი სახეები არიან.
ცნობილია, რომ ქალაქის ახალ მერად აქტიურად განიხილება ბაკურ ბალანჩივაძე, რომელსაც ერთხელ უკვე ჰქონდა ქუთაისის მერობის პატივი.
გარდა ამისა, მერობის სურვილს გამოთქვამს ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ყოფილი მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი.
არსებული ინფორმაციით, ეს უკანასკნელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მხარდაჭერით სარგებლობს.
ქუთაისის ახალ მერად ასევე, აქტიურად განიხილებოდა სასჯელაღსარულების მინისტრის სოზარ სუბარის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის კანდიდატურა, თუმცა ზურაბ ხურციძის თქმით, ამ ეტაპზე გიორგაძის საკითხმა უკან გადაიწია.
„დაახლოებით ორ დღეში გამოცხადდება კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. ვვარაუდობთ, რომ მერობის მსურველთა სია სადღაც 50-კაციანი იქნება,“ - ამბობს ხურციძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილი მერი ბესიკ ბრეგაძე გასულ კვირას, თანამდებობიდან ყოფილმა „ნაციონალებმა“ გადააყენეს. მუდმივმოქმედ კომისიას, კი რომელმაც ახალი მერი კონკურსის წესით უნდა აირჩიოს, საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი „ნაციონალი“ თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე