ქუთაისში დევნილებისათვის გადასაცემი ნივთების საიდუმლო საწყობი აღმოაჩინეს
დევნილებისათვის განკუთვნილ საოჯახო ტექნიკას ქუთაისში წლების განმავლობაში საწყობში ინახავდნენ. აღნიშნული საწყობი "ავტოქარხნის" დასახლებაში დევნილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ აღმოაჩინა. აღმოჩნდა რომ, საწყობში საოჯახო ტექნიკასთან ერთად, ასევე ჩაი და შოკოლადი ინახებოდა. როგორც დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, საწყობში აღმოჩენილი ტექნიკა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია ვის, ან რას უნახავდნენ აღნიშნულ ნივთებს საწყობში. "2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მთავრობამ დევნილთა სამნისტროს 16 მილიონი ლარი გამოუყო. ამ თანხით უწყებამ საოჯახო ტექნიკა შეიძინა და ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურს ჩააბარა. ჩვენს ქვეყანაში დღესაც არიან დევნილი ოჯახები, რომლებსაც ელმენტარული ტექნიკა არ გააჩნიათ. ასე, რომ საწყობში აღმოჩენილ ტექნიკას, სწორედ მათ დავურიგებთ,"- ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე.
ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე