"ნაციონალების" მხარდამჭერებს ქუთაისში "აშინებენ"
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა 19 აპრილის აქციაზე წამსვლელთა გაკონტროლების მიზნით მობილურ ჯგუფებს შექმნის. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წულაიას თქმით, აქციაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს სამუშაო საათების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, როგორც წულაია ამბობს 3-4 მობილური ჯგუფი მერიის სამსახურებში, მუნიციპალიტეტებში ივლიან და აქციაზე წამსვლელი პირების ფოტო-ვიდეო მასალას მოიპოვებენ.
„ჯგუფები შეამოწმებენ ვინ წავა აქციაზე განცხადებისა და გაფრთხილების გარეშე. მოპოვებული მტკიცებულებები ქალაქის ახალ მერს გადაეცემა. მე მოვუწოდებ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, ქარზე ინგრევა სახლები ქუთაისში. ამიტომ, სამუშაო დღეს აქციაზე ნუ წავლენ და ნუ მიატოვებენ ქალაქს,“ – ამბობს წულაია.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, 19 აპრილს, საჯარო დაწესებულებების მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე