"ქუთაისის მერიის თანამშრომლები მონიტორინგმა შეაშინა"
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.
შედეგების მიხედვით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობიდან თბილისში
„ნაციონალების“ აქციას დაახლოებით 70 კაცამდე ესწრებოდა.
კოალიციის წარმომადგენლის, ზურაბ ხურციძის თქმით, ქუთაისის მერიის სხვადასხვა სამსახურსა და მუნიციპალიტეტებში დღეს ჯამში 122 თანამშრომელი არ გამოცხადდა.
„თუმცა ის ვთქვათ,
რომ 122-ივე თბილისში აქციაზე იყო წასული, სწორი არ იქნება. საერთოდ ვინც არ დადიოდა
სამსახურში, ისინი დღესაც არ მოვიდნენ,“ - ამბობს ხურციძე.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ნაციონალების“ აქციას
მუნიციპალიტეტების თანამშრომლების გარდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და მერიის
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებულები ესწრებოდნენ. აქციაზე ასევე
იმყოფეობდნენ, ქუთაისის მერიის საბინაო საკითხთა, კულტურის, სოციალურ საკითხთა და კეთილმოწყობის
სამსახურების უფროსები და ქალაქის ვიცე-მერები.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან აქციაზე წასული პირების
მცირე რაოდენობას ხურციძე იმით ხსნის, რომ საჯარო მოხელეებს წინასწარ დაანონსებული მონიტორინგისა და აქციაზე დასწრების შემთხვევაში
მოსალოდნელი შედეგების შეეშინდათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე