მერის პოსტს შეწირული საფიჩხიის უბანი
ქუთაისში, „საფიჩხიის" სამაჟორიტარო ოლქი, შვიდი თვეა მაჟორიტარი დეპუტატის გარეშეა დარჩენილი. ბესიკ ბრეგაძემ საფიჩხიის უბანის მაჟორიტარობა ქალაქის მერის პოსტზე გადანაცვლების გამო დათმო.
ქუთაისში სულ, 10 სამაჟორიტარო ოლქია. თითოეულ ოლქს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენს.
ბესიკ ბრეგაძეს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის" კვოტით ერგო.
2012 წლის ოქტომბერში კი ის საკრებულომ ქალაქის მერად დანიშნა. რის გამოც, ბრეგაძემ უბნის მაჟორიტარობა დათმო. თუმცა, მიმდინარე წლის 12 აპრილს ბრეგაძეს მერის პოსტიც, ხმაურის ფონზე დაატოვებინეს.
სამაჟორიტარო ოლქებში დეპუტატის არჩევა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით რეგულირდება. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, როცა „საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდება", - აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.
ამ დროისთვის ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებიდან მხოლოდ ერთი წევრია გამოკლებული, ბრეგაძის სახით.
უმაჟორიტაროდ დარჩენილი უბნის მცხოვრებელები კი უბანში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია