ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება
ქუთაისის მერის შესარჩევი სააგიტაციო–საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება დღეს დასრულდა.
"ხვალიდან შესაძლებელი იქნება ქალაქის მერობის კონკურსზე მსურველი პრეტენდენტების მიერ განაცხადის შემოტანა", – განუცხადა newpress.ge-ს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა, რომელიც პარალელურად საკონკურსო–სააგიტაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
საკონკურსო კომისიაში ქუთაისის მერობის მსურველებს განაცხადების შეტანა ორი კვირის მანძილზე შეეძლებათ. "მთავარი კრიტერიუმი უმაღლესი განათლება, უცხო ენის ცოდნა და სამუშაო გამოცდილება იქნება", – ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
საკონკურსო კომისია, რომელიც დღეს დამტკიცდა, შვიდი წევრისგან დაკომპლექტდა. მასში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია და ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატი შედის.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კომისიაში მოხვდნენ: "საჩინოს" ხელმძღვანელი – ზურაბ ხურციძე, "ინავრას" წარმოამდგენელი – ნინო დვალი, "ჩემი საქართველოს" წარმომადგენელი – გელა მშვენიერაძე, (რომელიც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსია), იმერეთის ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელი – ნესტან ნებურიშვილი ( საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი).
ხოლო საკრებულოს დეპუტატებიდან კომისიის შემადგენლობაში შედიან: "მეოცნებე" დეპუტატი – მამუკა მღვდელაძე, რომელსაც საკონკურსო კომისიის მოადგილეობა ერგო. კომისიის კიდევ ერთი წევრი საკრებულოს "პატრიოტი" დეპუტატი კახაბერ ნემსიწვერიძეა.
საკონკურსო კომისიის თავჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, განცხადების შეტანის რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. "შეზღუდვა არ იქნება. განცხადის შემოტანის დამთავრების შემდეგ ყველას განვიხილავთ. კონკურსის დასრულების ვადები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის განაცხადი შემოვა. თუმცა, ვეცდებით, კონკურსის გამარჯვებული უმოკლეს ვადაში გამოვავლინოთ", – ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს სააგიტაციო–საკონკრსო კომისია მიმდინარე წლის 12 აპრილს შეიქმნა. რადგან, ქუთაისის უკვე ყოფილ მერს, ბესიკ ბრეგაძეს საკრებულომ იმპიჩმენტი გამოუცხადა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა