უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
უმცირესობაში კი თვლიან,
რომ პრეზიდენტის ვეტო სრულიად დასაბუთებული იყო და ქვეყნის პირველი პირის შენიშვნების
არგათვალისწინებას სამწუხარო ფაქტად აფასებენ.
საპარლამენტო უმცირესობის
წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სასამართლოების კანონპროექტს უმცირესობა თვიდანვე უცხადებდა
უნდობლობას. რადგან როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ხელისუფლება კანონს სასამართლოს ძალაუფლების შესაზღუდად და მართლმსაჯულების
პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებისთვის ცვლის.
რაც შეეხება უმრავლესობას,
აქ აცხადებენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტმა სასამართლო პოლიტიკური კონტროლისაგან უნდა გაათავისუფლოს.
„ჩვენ ძალიან მყარად გვჯერა, რომ რეფორმა, რომელიც ამ კანონის თანახმად განხორციელდება, სასამართლო სისტემის
დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ
პრეზიდენტი ამ კანონს არ მოაწერს ხელს, მაშინ ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით
გამოქვეყნდება,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ხელმოსაწერად
პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ შვიდი დღის ვადაში მიხეილ სააკაშვილი კანონს ხელს არ
მოაწერს, მაშინ მას პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე