უმრავლესობა რუსეთის დაკვეთით ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს ამბობს?
6 საათიანი ცხარე განხილვის შედეგად პარლამენტმა „ოკუპაციის შესახებ კანონის“ მიღება ვერ მოასწრო.
აღნიშნულ კანონთან მიმართებაში უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული პოზიციები აქვთ. უმცირესობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს. უმრავლესობაში კი ოპონენტ კოლეგებს 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში ყოფნასა და დაშვებულ შეცდომებს ახსენებენ.
კანონში ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გვერდის ავლის შემთხვევაში, პირს პირველ ჯერზე ფულადი ჯარიმა ემუქრება. ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის გაზრდილი რაოდენობა ან ერთ წლამდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის თქმით,
საქართველოს სახელმწიფოს არსებობა რუსეთისათვის
საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც ის „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გაუქმებას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის დიპლომატები ყველა ქვეყანას დაივლიან და მათ განუცხადებენ, რომ საქართველო აგრესორობას თვითონ აღიარებს. გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მტერს ასიამოვნოს, თუმცა ამ შემთხვევაში მას მხოლოდ ფოჩებიანი კამფეტები შერჩება ხელში.
„ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა არის დაუშვებელი და უკან გადაგმული ნაბიჯი. ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი სიტყვა უმრავლესობისგან კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვისმენდით შეურაცხყოფებს, ქილიკს, პოლიტიკურ კინკლაობას. მე იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ამ კანონპროექტზე მსჯელობაც გაგრძელდება და უმრავლესობიდანაც ცოტა უფრო საღი დამოკიდებულება იქნება კანონპროექტთან მიმართებაში,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი.
რეინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის აღნიშნული ცვლილების
ინიცირება ქვეყნის სუვერენული უფლებიდან გამომდინარეობს.
„ეს არის ჩვენი გადაწვეტილება და არავის დაკვეთა. თუ იმაზე ვსაუბრობთ რა შეფასებები აქვს საერთაშორსიო საზოგადოებაში ამ კანონპროექტს, მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, არის ცალსახად დადებითი შეფასებები, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ, ჩვენ ვდგამთ სწორ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკის წახალისებისთვის, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც მთავარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახელობისათვის, შემდგომი სამშვიდობო ნაბიჯების გადასადგმელად, ნიადაგის მომზადებისთვის,” - ამბობს ციხელაშვილი.
აღნიშნული კანონის განხილვას პარლამენტი
15 მაისის სასესიო კვირაში გააგრძელებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე