ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი "დონ ჟუანს" გერმანიაში ითამაშებს
დღეს ქუთაისის ახალგაზრდულმა თეატრმა დემოკრატიის ჩართულობის
ცენტრში ბრიფინგი მოაწყო. დასის წევრებმა ერთგვარი ანგარიში ჩააბარეს ქუთაისელ პუბლიკას
ბოლო ერთი წლის მიღწევების შესახებ. თეატრი დღეს გასტროლზე გერმანიაში მიემგზავრება.
იქ ორ კვირას დაჰყოფს და მოლიერის "დონ ჟუანს" სამ ქალაქში ითამაშებს. ეს მეხუთე გასტროლი
იქნება, რაც თეატრმა ამ ერთი წლის მანძილზე მოაწყო.
ახალგაზრდული თეატრი პირველი დამოუკიდებელი თეატრია
საქართველოში. იგი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. თუმცა ბოლო წლებში შენობის გარეშე უწევს არსებობა.
„სახლში ვიკრიბებით ჩემთან და იქ გავდივართ რეპეტიციებს“, – განმარტავს თეატრის დირექტორმა
ზურაბ ფხაკაძე.
თუმცა შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ შენობის გარეშე დარჩენამ გარკვეული
პოზიტიური შედეგები მოიტანა – ბევრი გასტროლი მსოფლიოს მასშტაბით.
„გასტროლები ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, იმიტომ,
რომ შენ ეცნობი სხვა ქვეყნის თეატრებს, შედარებას ახდენ, არკვევ თუ როგორ ვითარდება
თეატრი სხვა ქვეყნებში. რაღაც მოგწონს, რაღაც არ მოგწონს. თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილი
ვარ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა მაინც იგრძნობა, რომ ქართული თეატრი მაღალ დონეზე დგას’, – ამბობს ახალგაზრდული
თეატრის მსახიობი სოფო ჩირაძე.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მაისის შუა რიცხვებში
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინაში მიემგზავრება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი