ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის სხდომა მედიისთვის იხურება
ქუთაისის მერის შესარჩევი საატესტატო კომისია პირველ
სხდომას დღეს, 14 საათზე გამართავს.
კომისიის 7 კაციანი შემადგენლობა კონკურსანტების მიერ
წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს.
მერის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი
განმარტავს, რომ დღევანდელი სხდომა მედიისთვის
დახურული იქნება.
კომისიაში, ასევე, არ ასახელებენ მერობის კანდიდატთა
ვინაობას. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კონკურსში მონაწილე პირების ვინაობა
კონფიდენციალურია.
„უნდა მოხდეს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების
გადახედვა თუ რამდენად ემთხვევა ისინი ჩვენს მიერ მოთხოვნილ პირობებს,“ – ამბობს თამაზ
მარგველაშვილი.
მარგველაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ, მეორე ეტაპზე,
მერობის მსურველ თითოეულ კანდიდატთან გასაუბრება მოხდება. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე
ვერ აკონკრეტებს, რამდენ ხანს გასტანს გასაუბრების პროცესი.
„გასაუბრებაზე მოხდება თუ არა ვიდეო გადაღების დაშვება,
ეს კომისიის გადასაწყვეტია. შესაძლებელია, გასაუბრება პირდაპირი ეთერითაც გადაიცეს.
რაიმე ტიპის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მედიისთვის ცნობილი გახდება,“ – აცხადებს
თამაზ მარგველაშვილი.
კომისიაში განაცხადების შეტანის ვადა გუშინ ამოიწურა.
ქუთაისის მერობის სურვილი 69 პიროვნებამ გამოთქვა. აქედან, 26 ქალბატონია, დანარჩენი
– მამაკაცები.
თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, ქუთაისის მერობის
მსურველთა უმეტესობა, სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან არიან წარმოდგენილნი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი
მიმდინარე წლის 2 მაისს გამოცხადდა.
ქალაქის პირველი პირის ასარჩევი კონკურსი მას შემდეგ
გამოცხადდა, რაც უკვე ყოფილ მერს, ბესიკ ბრეგაძეს, მიმდინარე წლის 13 აპრილის სსაკრებულომ
უნდობლობა გამოუცხადა.
ავტორი: თეკლა მორგოშია