ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს ადმინისტრაციამ კარი ჩაუკეტა
ქუთაისის შემოვლითი
გზის მუხიანი-იანეთის მონაკვეთზე დასაქმებულმა მუშებმა სოფელ იანეთში, დამსაქმებელი
კომპანიის ოფისის წინ სამსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
პროფკავშირების იმერეთის
ოფისის წარმომადგენლის ირაკლი იობიძის თქმით, შემოვლითი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მომუშავე
70-მდე მუშას ხელფასების გაცემაზე უარს ეუბნებიან. როგორც იობიძე ამბობს, სამუშაოების
მწარმოებელი კომპანიის შპს „ბორან მაინინგის“ ადმინისტრაციამ კარი ჩაკეტა და მუშებთან
გამოსვლაზე უარი განცხადა.
„მუშებთან მხოლოდ უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი მოვიდა, რომელიც ამბობს, რომ ახალი დანიშნულია და სიტუაციაში გაერკვევა.
მუშები ხელფასების დარიცხვას ხვალ, პირველ საათამდე ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში
დასაქმებულები მუხიანში, სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას ფართომასშტაბიან აქციას
გამართავენ, რომელსაც იქ მომუშავე პირებიც შეუერთდებიან,“ - ამბობს იობიძე.
ქუთაისის შემოვლითი
გზის მუხიანი-იანეთის მონაკვეთზე დასაქმებულებს სამუშაოზე უარი მას შემდეგ უთხრეს,
რაც ხელფასი მოითხოვეს. მუშების თქმით, დამსაქმებელი კომპანია მათ არც ხელფასს უხდის
და არც ოფიციალურად ათავისუფლებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე