უხელფასოდ დარჩენილი მუშები ავტობანის მშენებლობის შეჩერებით იმუქრებიან
ქუთაისის შემოვლითი გზის მუხიანი-იანეთის მონაკვეთზე
დასაქმებული მუშები სამუშაოების პარალიზებით იმუქრებიან. კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით
მუხიანში, სამუშაოების მიმდინარეობის ადგილას მუშებმა დღეს აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები კიდევ
ერთხელ გააჟღერეს.
„ორი თვის ხელფასი არ აგვიღია. ხელფასი რომ მოვითხოვეთ,
მაშინვე დაგვითხოვეს სამსახურიდან. დამსაქმებელი კომპანიის ადმინისტრაცია დღეების მონაცვლეობით
გვატყუებს. იმის წერილობითი დადასტურება არ არსებობს რომ ხელფასებს მოგვცემენ. ეს ჩვენი
ბოლო აქცია არ იქნება. ბოლომდე გავაგრძელებთ სიმართლისათვის ბრძოლას,“ - ამბობს აქციის
ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი გერაძე.
მუშების განცხადებით, მათ ნაცვლად დამსაქმებელმა, შპს
„ბორან მაინინგმა“ სხვა ხალხი აიყვანა, რომლებსაც მოტყუებით ამუშავებენ და ხელფასების
უპრობლემოდ გაცემას ჰპირდებიან.
„ეს ხალხი აქ იდგება მანამ, სანამ თავის კუთვნილო ხელფასს არ მიიღებენ. კომპანიის ადმინისტრაციას მოლაპარაკებებზე გამოსვლას
მოვუწოდებ,“ - ამბობს პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელი ირაკლი ობიძე.
აქციის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა კომპანის
წარმომადგენელ დიმიტრი ტეფნაძესა და მუშებს შორის. ტეფნაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა,
რომ ორი თვის ხელფასს მათ ერთდროულად, 25 მაისამდე დაურიცხავდა. „ბორან მაინინგის“
წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ მუშები სამსახურიდან გათავისუფლებულები არ არიან
და მათ მუშა-ხელის საჭიროების მიხედვით დააბრუნებენ.
აქციის მონაწილე დაახლოებით 70-მდე მუშა აცხადებს, რომ მათ ტეფნაძის სიტყვების არ სჯერათ, რადგან ეს უკანასკნელი ყოველთვის იტყუება.
მუშები აქციების გაგრძელებითა და ავტობანის
მშენებლობის პროცესის პარალიზებით იმუქრებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე