იმერეთის გუბერნატორი საკონკურსო კომისიისგან შემადგენლობის გაზრდას მოითხოვს
მომავალი კვირიდან ქუთაისის მერის შესარჩევ კომისიას
მოთხოვნებს წაუყენებენ. იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული
საკონკურსო კომისიისგან შემადგენლობის გაზრდას მოითხოვს.
ვახტანგ ბალავაძე აცხადებს, რომ კომისიის დღევანდელი
შემადგენლობა ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელია და მასში არასამთავრობოების
წარმომადგენლებიც ვიზუალისთვის მოხვდნენ.
საქმე იმაშია, რომ 7 კაციანი კომისია, რომელიც ამჟამად
მერს ირჩევს, მუდმივმოქმედია. შესაბამისად, ნებისმიერ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც
თვითმმართველობაში გაჩნდება, აღნიშნული კომისიის მიერ შერჩეული კადრი დაინიშნება.
„ფაქტია, ეს არის ვიწრო პარტიული ნიშნით შერჩეული კომისია და ამას თავადაც ადასტურებენ. რადგან, გადაწყვეტილებას იღებს არა კომისია, არამედ ერთი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვიხილეთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადება, რომ ქალაქის მერი პრემიერის მოწონებული კადრი გახდება. ამიტომ, ობიექტურობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ამ კომისიას. კომისიაში არ შეიყვანეს „საია“, „ეკომონისტთა ასოციაცია“, საზოგადეობა „ბაღის კიდე, საზოგადოება „ქუთაისელი“ და მედიის წარმომადგენლები, მიუხედავად მათი სურვილისა. მაშინ როდესაც, კანონმდებლობით კომისიის შემადგენლობის რაოდენოება არ არის შეზღუდული,“ – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე newpress.ge-სთან საუბარში.
გუბერნატორის განმარტებით, რადგან კომისია მუდმივმოქმედია და მის მიერ მომავალში,
თანამდებობებზე კადრების შერჩევა პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად რომ არ იქცეს, აუცილებელია კომისიის შემადგენლობა
გახდეს უფრო ფართო.
„სასურველია, საზოგადოების უფრო ფართო სპექტრი იყოს ჩართული ამ კომისიაში. ვაპირებ,
პირადად შევხვდე ყველა იმ ადამიანს, ვისი მონაწილეობაც, ვფიქრობ, საჭიროა ამ კომისიაში. ამის შემდეგ, თუკი ამ ადამიანების სურვილიც იქნება,
განცხადებით მივმართავთ კომისიას, შემადგენლობის გაზრდის თაობაზე. სამართლებრივად,
მათ ამის პრობლემა არ აქვთ. კომისიის ხელმძღვანელის, საკრებულოს თავმჯდომარის ნებაა
საჭირო, რომ კომისის სააქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე და მოსახლეობამ იცოდეს, რა
კრიტერიუმებით ხდება გადაწყვეტილების მიღება,“
– აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.
საკონკურსო–საატესტატო კომისიისთვის შემადგენლობის გაზრდის
მოთხოვნით მიმართვა მომავალი კვირისთვის იგეგმება. მას შემდეგ, რაც კომისია ქალაქის
ახალ მერს აირჩევს.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ მერის შესარჩევი პირველი ეტაპი
(დოკუმენტაციის შერჩევა) უკვე დაასრულა.
მერის შესარჩევ მეორე ეტაპს (შერჩეულ 12 კანდიდატთან
გასაუბრება) კომისია კვირის ბოლოს დაიწყებს.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე