ადვოკატი: „მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება გაუჭირდებათ"
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა ქუთაისში, სამხარეო სამმართველოს შენობის იზოლატორში მოთავსებული დაკავებულები მოინახულეს.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივაშვილის თქმით, მერაბიშვილი თავს ნორმალურად გრძნობს და ბრალდებებს არ აღიარებს.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი გამოძიების მხრიდან გაჟღერებულ არც იმ ბრალდებას იზიარებს, რომლის მიხედვით, მერაბიშვილმა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფული გაფლანგა.
გიორგი ჩივაშივლი ამბობს, რომ მერაბიშვილს ფული არსად წაუღია და ის პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს გადაერიცხა.
რაც შეეხება მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ თანხას, ადვოკატის თქმით, 58 000 ევრო მერაბიშვილის სიდედრის ქონების რეალიზაციიდან მიღებული ფული იყო, ხოლო 18 000 ლარი სახარჯო თანხას წარმოადგენდა.
მერაბიშვილთან ერთად დაკავებული ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის თქმით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის პროკურატურას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პორკურატურამ დღეს დააკავა. თუმცა, მათთვის ბრალი ოფოციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.
სავარაუდოდ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისათვის ბრალის წაყენება, დღეს გვიან ღამით, ან ხვალ დილით მოხდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7–დან 12 წლამდე თავისულფების აღკვეთა ემუქრებათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე