|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

60 მილიონი – არარსებული ხარჯი პარლამენტის მშენებლობაზე

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის ათვისებულ თანხებთან დაკავშირებით 60 მილიონიანი ცდომილება ფიქსირდება. საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაზე დახარჯულ თანხებთან მიმართებაში, „საქართველოს   ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„სამ დღეში დაუსრულებელი შენობის გახსნა ხდება, თუმცა ციფრებთან მიმართებაში საქმე გაურკვეველია. ჩვენი მონაცემი 60 მილიონით განსხვავდება იმ ციფრებისგან, რომელიც მათ აქვთ,“ - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

საიას ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაზე 2009-2011 წლებში მთლიანობაში 73 მილიონ 775 300 ლარი დაიხარჯა, ხოლო ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, პარლამენტის მშენებლობაზე 133 700 000 ლარია დახარჯული.

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის გახსნამდე სამი დღით ადრე, საიას ქუთაისის ფილიალმა პროცესის სამართლებრივი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც შედეგების პრეზენტაციისას ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მონიტორინგის განხორციელებისას მათ სირთულეები შეექმნათ, როგორც საჯარო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, ისე პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების განსაზღვრის კუთხით. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო დაწესებულებების მხრიდან სხვა უფლებამოსილი ორგანოსაკენ გადამისამართების პრაქტიკაც აღნიშნეს და განაცხადეს, რომ მათთვის  დღემდე გაურკვეველი რჩება პარლამენტის მშენებლობაზე რომელი ორგანოა პასუხისმგებელი და რა ნაწილში. 

საია პარლამენტის მშენებლობის სამართლებრივ მონიტორინგს 2009 წლის დეკემბრიდან, მშენებლობის დაწყების მომენტიდან ახორციელებს. მათი მონცემებით, ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს მშენებლბის მიზნით, 2009 წელს 200 000, 2010 წელს - 68 მლიონ 426 800 ლარი, ხოლო 2011 წელს 5 მილიონ 148 500 ლარი გამოიყო.

როგორც მონიტორინგის დასკვნაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიმდინარეობისას საია მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობოდა და ციფრებთან დაკავშირებული მონაცემები სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ანალიზის შედეგად მიიღეს.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის მიერ დასახელებულ ციფრებს, (როგორც საიას ქუთაისის ფილიალში აცხადებენ,  გვინდაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციამ თბილისში, მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა) 2009 წელს პარლამენტის მშენებლობისათვის  5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2010 წელს 68 მილიონი ლარი აითვისეს, ხოლო 2011 წელს – 60 მილიონი ლარი. ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, პარლამენტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება და მშენებლობისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო თანხები სრულიად გამჭვირვალეა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ამ თანხების გამტარი არ უნდა ყოფილიყო. რადგან ჩვენ ვაშენებთ არა ქუთაისის, არამედ საქართველოს პარლამენტს. მე ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ნათია მოგელაძის უწყება ჩაერთოს საქმეში და შეისწავლოს,“  - განაცხადა ნოდარ ჯიქიამ.

თავად კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მამრიკიშვილმა შეხვედრა კომენატის გარეშე დატოვა. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ისინი დღევანდელ პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა