|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიაბერაშვილი: "ციხეში ყოფნა არაკომფოტრულია, თუმცა კომფორტში არ გავზრდილვარ"

კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერშვილმა ქუთაისის მეორე ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკავებას ელოდა, შესაბამისად, დაკითხვაზე მომზადებული წამოვიდა.

ჭიაბერაშვილის განმარტებითვე, მისი დაკავება დარღვევებით მოხდა, რადგან მას ელჩის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე აქვს და მისი დაკავება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეუძლია. კახეთის გუბერნატორი იმასაც ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ციხეში ნორმალურ პირობებში იყო.

"ციხეში ყოფნა რა თქმა უნდა არაკომფოტრულია, თუმცა სრულ კომფორტში არ გავზრდილვარ," – აცხადებს ჭიაბერაშვილი.მისივე თქმით,  "ქართულმა ოცნებამ" იმის ნაცვლად, რომ ხალხის დაპირება შეუსრულოს, ჩინოვნიკების დაჭერებითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ჭიაბერაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ პროცესზე 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ჭიაბერაშვილა ქუთაისის ციხე თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ის თბილისში გადაიყვანეს. მერაბიშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე