სკანდალი ევროვიზიაზე - რას აბრალებენ გამარჯვებულს
მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია-2013" დასრულდა, თუმცა მასთან დაკავშირებული სკანდალები გრძელდება. საერთაშორისო კონკურსის შედეგები, შესაძლოა, გადაიხედოს და გამარჯვებულად უკრაინის წარმომადგენელი ზლატა ოგნევიჩი დაასახელონ.
ბოლო წლების განმავლობაში "ევროვიზია-2013" ყველაზე სკანდალური კონკურსი აღმოჩნდა.
ჯერ იყო და დანიის წარმომადგენელი და კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და პლაგიატში დაადანაშაულეს; ახლა კი აზერბაიჯანი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, მასიური ხმის მიცემის დროს ქულების მითვისებაში გამოიჭირეს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, "ევროვიზია-2013"-ის შედეგები გადაიხედება და შესაძლოა, პირველი ადგილის მფლობელი უკრაინა გახდეს.
უკრაინის სასარგებლოდ გამოვიდნენ ჩერნოგორიელი ჟურნალისტები. მათ განაცხადეს, რომ ნახევარფინალში ზლატამ ჟიურისგან და მათი ქვეყნის ტელემაყურებლებისგან 12 ქულა დაიმსახურა, მაგრამ რატომღაც მათი 12 ქულა აზერბაიჯანს დაუწერეს.
ამჟამად ემილი დე ფორესტსა და ფარიდ მამედოვს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. თუ ეს ასე მოხდა, "ევროვიზიის" გამარჯვებულად ზლატა ოგნევიჩს დაასახელებენ.
უკრაინის "პირველი არხის" დირექტორის მოადგილე ვალიდ არფუში დარწმუნებულია, რომ ეს სკანდალი მასშტაბურ სახეს მიიღებს, დანიელებსა და აზერბაიჯანელებს აუცილებლად მისცემენ დისკვალიფიკაციას.
ავტორი: ნიუპრესი