"ლიმონი" – მზრუნველობამოკლებული ბავშვების გზავნილი სიკეთეზე
"ვსწავლობდი იმას, რისი მოცემაც
სკოლას არ შეუძლია და მივხვდი, რომ მარტო სკოლის განათლება არ კმარა პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის",
– ამბობს მარიამ აბაშიშვილი, პროექტი "სარკმელი
კინოსამყაროში" ერთ–ერთი მონაწილე.
27 მაისს გასართობ ცენტრ "სულიკოს" კინოდარბაზში ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.
7 წუთიანი მხატვრული ფილმი "ლიმონი" "საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა გადაიღეს.
ბავშვებმა პროფესიონალი დრამატურგის(გივი ბესო ოდიშარია), მსახიობის(მარიკა სამანიშვილი), რეჟისორისა(ნანა ჯანელიძე), ოპერატორის (გია დვალიშვილი) და კინომცოდნის(თამთა ხელაია) დახმარებით გაიარეს ყველა ის ეტაპი, რაც ფილმის შექმნას სჭირდება. საბოლოო შედეგი კი, საკუთარი ფილმის სახით, "სულიკოს" კინოდარბაზში წარმოადგინეს.
"სარკმელი კინოსამყაროში" "კინოკლუბის" მხრიდან არის პირველი მცდელობა კინოგანათლების შეტანის მომავალ თაობაში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებში", – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი თეა გაბიძაშვილი.
ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების სათქმელი სიკეთის გადამდებ
ბუნებას შეეხო. როგორც პრემიერის შემდეგ აღინიშნა, "ლიმონი" არის ფილმი იმაზე, თუ როგორ წარმოშვებს ერთი კეთილი საქმე კეთილ საქმეთა მთელ ჯაჭვს.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის შემოქმედებით
პროცესში ჩართვა, რაც ცხოვრების მანძილზე შეიძლება იქცეს მათ მიერ კეთილისა და ბოროტის
შეფასების პირველწყაროდ", – თქვა მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.
ბავშვებს დაურიგდათ ბუკლეტები, სადაც ფილმზე მუშაობის
სრული პროცესი იყო ასახული. ასევე დისკები ფილმის ჩანაწერით.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი