აკაკი ბობოხიძე: "არ გამოვრიცხავ მერაბიშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის შემცვლელს არ ეძებენ. უფრო მეტიც, არ გამორიცხავენ, რომ მერაბიშვილი „ნაციონალების“
საპრეზიდენტო კანდიდატად დარჩეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით,
ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში აყვანის ერთ-ერთი მიზეზი
„ნაციონალებისათვის“ მომავალ საპრეზიდენტო
არჩევნებში ხელის შეშლა იყო.
„პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრებს ამიტომ არ მისცა მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების
ნებართვა. თუ ვანო მერაბიშვილთან კონტაქტი შედგება, მაშინ ბუნებრივია,
ხელის შეშლის ეფექტი ნაკლები იქნება. რაც შეეხება
მერაბიშვილისათვის ბრალის დამძიმებას, პროკურატურა
ხალხის გასაგონად ერთს ამბობს და სასამართლოზე მეორეს.
პროკურატურის მიერ გაკეთბული განცხადებები მხატვრული ლიტერატურაა, რომ ადამიანების
გონებაზე იმოქმედონ და დამნაშავის ხატი შექმნან,“- ამბობს აკაკი ბობოხიძე.
ბობოხიძის თქმით, პროცესები დინამიური არის და როდესაც
ვითარება სტაბილური გახდება, პარტია ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის შეცვლა არ
დასჭირდება.
„არ გამოვრიცხავ ვანო მერაბიშვილი იყოს საპრეზიდენტო
კანდიდატი. არ ვჩქარობთ. როდესაც პროცესები შეუქცევად სახეს მიიღებს, მას შემდეგ მივიღებთ
ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის შეცვლა არ მოგვიწევს, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს
ახასიათებს. დილით გაკეთებულ განცხადებებს
შუადღეზე უარყოფს და საღამოს საერთოდ ცვლის,“ - ამბობს ბობოხიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე