სალომე ზურაბიშვილი:"არ მესმის ეს აჟიოტაჟი"
სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით მის საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო არ დარეგისტრირებას ეხმიანება.
\"მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე ოფიციალურად კანდიდატურა და მართლა იგრძნობა დიდი მხარდაჭერა, ატყდა გაუგებარი ალიაქოთი... ვრცელდება ხმები, თითქოს არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩემი არჩევნებში მონაწილეობა იურიდიული საკითხი არ არის, არამედ თუ იქნება, იქნება პოლიტიკური. კონსტიტუციის მიხედვით იურიდიული შეზღუდვა ისედაც არ არსებობს: ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი ფიცის დადების მომენტში არ იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რაც ყველას ესმის რაოდენ მარტივად წყდება!... მეტიც, ამ დღეებში პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საერთოდ ყველანაირ სირთულეს მოხსნის. ამიტომ თუ მართლა შეზღუდვებზე აპელირებენ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პოლიტიკურად ცდილობენ არ მიმიშვან არჩევნებამდე, ხელოვნური ბარიერების გზით. არ მესმის ეს აჟიოტაჟი და ჩემი მომხრეების შფოთვა, იმდენად ჩემთვის დაუჯერებელია, რომ იმ ხელოვნურ შეზღუდვებს, რომელსაც \"ნაციონალური მოძრაობა\" იყენებდა ივანიშვილის წინააღმდეგ, ახლა თვითონ \"ქართული ოცნება\" გამოიყენებს ჩემს წინააღმდეგ. არ მინდა დავიჯერო, რომ თუნდაც ახალი კანონის ამოქმედებისას (ორმაგი მოქალაქეობის შესახებ), ისე მოახერხონ, რომ კანონი მორგებული იყოს ივანიშვილზე და ჩემზე არ გავრცელდეს. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნება?!\", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის \"ფეისბუქის\" ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ წერილში.
ავტორი: newpress.ge