ქუთაისში გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალიდან გააგრძელებენ
ქუთაისში, საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები, რომლებიც მესამე დღეა გაფიცულები არიან, სამუშაოს ხვალიდან დაუბრუნდებიან.
ამის შესახებ newpress.ge-ს საქალაქო საავტობუსო ხაზების მფლობელმა, შპს "სითი ლაინის" დირექტორმა, ალეკო დვალიშვილმა განუცხადა.
დვალიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა ქუთაისის მერთან.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მერიაში უკვე შექმნილი სპეციალური კომისია, ორი კვირის მანძილზე შეისწავლის ქუთაისში საქალაქო სატრანსპორტო სფეროში არსებულ პირობებს. სწორედ ამ კომისიაზეა დამოკუდებული, დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცული მძღოლების მოთხოვა, რომელიც საავტობუსო ხაზებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას 10 თეთრით ითვალისწინებს.
მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია 10 ადამიანისგან დაკომპლექტდა. კომისიის წევრები კი საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები არიან.
კომისიის თავმჯდომარე მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ვახტანგ წოწონავაა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საქალაქო საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები 29 ივლისს გაიფიცნენ. ისინი საავტობუსო ხაზებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მოითხოვენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა