ქუთაისში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი მაღაზიაში ჩაკეტეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტი გამოვლინდა.
"ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, საკონტროლო შესყიდვისას სალარო აპარატით სავალდებულო ჩეკის ამორტყმის ოპერაცია არ განხორციელდა და, სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
დაჯარიმების შემდეგ, მეწარმემ საგადასახადო ოფიცრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. გარდა ამისა, გადამხდელმა ერთ-ერთ ოფიცერს თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდა და კუთვნილ მაღაზიაში ჩაკეტა. ოფიცრის გათავისუფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩარევით გახდა შესაძლებელი. სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი შედგა, რაც სანქციის სახით 800 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს", – ნათქვამია შემოსავლების სამსაუხრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების დასრულებამდე შემოსავლების სამსახური დამატებითი კომენტარისაგან თავს იკავებს, თუმცა, განმარტავს, რომ საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების ღონისძიებები, მათ შორის, საკონტროლო შესყიდვები (საკონტროლო შესყიდვები ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონტროლებლად წარმოებს.) მომავალშიც განხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი