საჯარო კითხვა – მაღალფარდოვნებით
29 მაისს ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა მოეწყო.
მასში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები,
ისე ქალაქისა და რაიონების სკოლების მოსწავლეები.
რუსთაველის ლეგენდარული
ტექსტის საჯარო კითხვა უნივერსიტეტის ფილოლოგიის დეპარტამენტმა დააფუძნა და უკვე მეოთხე წელია ტარდება.
„ვეფხისტყაოსნის“
კითხვა დღეს 12 საათზე დავიწყეთ და მანამ გავაგრძელებთ, სანამ არ დავასრულებთ ტექსტს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ
მოვიდეს და ჩაერთოს ამ პროცესში, წინასწარ
შეთანხმებული არავინ არის“, – ამბობს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდლ ნიკოლეიშვილი.
საჯარო კითხვას,
გარდა პატივისცემის გამოხატვისა, სხვა მიზნებიც აქვს. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ,
აღნიშნულმა ღონისძიებამ რუსთაველის პოემის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო უნდა გააღვივოს
ხალხში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ ტექსტს ახალგაზრდები უკითხავდნენ თავიანთ
თანატოლებს. კითხულობდნენ ყველა დროის ტექსტს, რომელიც არ კარგავს მიზიდულობას ყველაზე
ბუნტარი მოდერნისტების, თუ პოსტმოდერნისტების თვალშიც.
„ვეფხისტყაოსანი“
ყოველთვის ჩვენი თანამედროვეა, ყოველთვის ახალი წიგნია, ყოველთვის აღმოვაჩენთ მასში რაღაც ისეთს, რაც მანამდე შემჩნეული
და დანახული არ გვქონდა. „ვეფხისტყაოსანი“ არ არის მკვდარ წიგნად ქცეული, იგი ცოცხალი
ტექსტია. ოსკარ უაილდს აქვს ნათქვამი: კლასიკოსები ხშირად ის მწერლები არიან, რომელთაც
წიგნებს ოქროს ჩარჩოებში ჩასმულებს, თაროებზე დაწყობილს, გაუხსნელად ინახავენო. „ვეფხისტყაოსანი“ ასეთი წიგნი არაა. იგი ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ
და ვეზიაროთ იმ სიტყვის მადლს, რასაც შოთა ქმნის“, – ამბობს ავთანდილ ნიკოლეიშვილი.
ამ „მადლის“ ზიარება
საჯაროდ მიეცა დამსწრე და მონაწილე პუბლიკას. მადლის, რომელიც კვლავ ოქროს ჩარჩოში რჩება, ნაკლებად „უშინაურდება“
პუბლიკას და თავს ვერ აღწევს მაღალფარდოვნებას.
„ვეფხისტყაოსანი“
საქართველოს საგანძურია. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც არასოდეს გადაშენდება. უკვდავი ხელთქმნილი ძეგლი გვაქვს, ამიტომ უნდა გვეამაყებოდეს,
რომ ამ მემკვიდრეობის პატრონი ვართ. უნდა შევინარჩუნოთ, გულით ვატაროთ ის სიწმინდე
და სიბრძნე, რაც მასშია მოთავსებული“, – ამბობს
სტუდენტი ლიზი ქეცბაია.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი