|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მუშები კვლავ მოატყუეს

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის  სარეაბილიტაციო  სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ აუღიათ. აღნიშნული განცხადება ქუთაისის საკრებულოს წევრმა, „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ დღეს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„იმ მუშებს, რომლებიც მოედნის მოპირკეთებაზე  მუშაობდნენ, ხელფასი აუღებელი  აქვთ. მათ სააღდგომოდ, ავანსის სახით მისცეს მხოლოდ 100 ლარი, რომლითაც მუშებმა მაღაზიებში “ნისიები“ გაისტუმრეს,“- ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ვახტანგ ბერეკაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთდ ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  იყო დასაქმებული. როგორც ბერეკაშვილი ამბობს, სამუშაოები უკვე ერთი თვეა დასრულდა, თუმცა მუშები კუთვნილი ხელფასების აღებას ვერ ახერხებენ.  ბერეკაშვილის თქმით, მუშებს ყოველდღე ატყუებენ და ხელფასის გაცემის სხვადასხვა ვადას უსახელებენ.

„პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, შადრევანი გახსნეს და კბილები გადმოუყარეს, ვითომ მათი გაკეთებული იყო. არადა ჩვენ მთელი ღამეები გვამუშავებდენენ. ჩემს შვილს 600 ლარამდე აქვს ასაღები. 2 000 ლარამდე ჩემი სიძის დავალიანება აქვთ. სამშენებლო კომპანიაში გვეუბნებიან მერიას არგადმოურიცხავს თანხაო, მერიაში კი პასუხს არავინ გვცემს.  პატარა შვილიშვილები მყავს. ჩემი შვილი  საჭიროებისთვის მუშაობდა. ახლა ავიყვან ჩემს შვილიშვილს, ქალაქის მერს დავუსვამ კაბინეტში და მან მიხედოს,“- ამბობს ვახტანგ ბერეკაშვილი.

„ვინც იქ მუშაობდა ყველა იმას იძახის ფული არ აგვიღიაო. უკვე თვის ბოლოა, მაგრამ  ხელფასი არ არის.  მე 800 ლარამდე  მაქვს ასაღები და  ველოდები,“ - ამბობს  ცენტრალური  მოედნის რეაბილიტაციაზე  დასაქმებული კიდევ ერთი მუშა გოჩა  დოღონაძე

ქუთაისში, ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ფირმა „მშენებელი 2011“ ახორიელებდა. სამუშაოებისათვის  დახლოებით 3 მილიონ 147 000 ლარამდე იყო განსაზღვრული. რეაბილიტირებული მოედანი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გახსნა. 

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საბოლოო კალკულაცია ჯერ არ გაკეთებულა. ობიექტი  ოფიციალურად ჩაბარებული არ არის. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაში  ობიექტის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნასა და მიღება-ჩაბარების აქტს ელოდებიან. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, სამუშაოების მწარმოებელი სახელმწიფო შპს-ს კერძო შპს–ეებისგან განსხვავებით, მოწესრიგებული მენეჯმენტი აქვს. ჭანჭალეიშვილი  გამორიცხავს, რომ აღნიშნულ კომპანიას მუშებისათვის ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს.

„სავარაუდოდ, მუშებს ერთი თვის ხელფასი ექნებათ აუღებელი. სახელმწიფო შპს-ს თავი სტკივა რომ ხელფასები  არ გასცეს? ამ შპს-ს ქალაქის მერიიდან ავანსის სახით გადაერიცხა 1 მილიონ 573867 ლარი. პირველი შესრულებისთვის 371 944 ლარი მიიღო,მეორე შესრულებისთვის 306 257 ლარი, ხოლო მესამე შესრულებისთვის შპს-ს 255781 ლარი დაერიცხა,“- ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

„მშენებელი 2011“-ის სამუშაოთა მწარმოებლის ლევან ჭანტურიას თქმით, სამუშაოები 7 თვის მანძილზე  ხორციელდებოდა და სხვადასხვა საანგარიშო პერიოდი არსებობდა.  ჭანტურიას ვარაუდით, შესაძლოა, აპრილის ან  თვის მეორე ნახევრის ანაზღაურება იყოს გაუცემელი, რადგან: „საბოლოო კალკულაცია ჯერ  არ მომხდარა.  ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და შესრულებული სამუშაოები  დაათვალიეროს დამკვეთმა. ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება გასაცემი ხელფასი 800 ლარიც იყოს და 1800 ლარიც, რადგან ეს მუშის გამომუშავებასა და შესრულებული სამუშაოს სიძვირეზეა დამოკიდებული,“ - ამბობს ლევან ჭანტურია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, უხელფასოდ დარჩენილი მუშები და შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილო ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქისთვის ჩვეულებად იქცა. დღემდე კუთვნილი ანაზღაურების გარეშე რჩებიან ქუთაისში, აღამშენებლის გამზირზე ველოგზის მოწყობასა და ე.წ. ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები. მუშახელი მხოლოდ იმიტომ დაზარალდა, რომ სამუშაოების დამკვეთმა ქალაქის მერიამ შესრულებული სამუშაოები უხარისხობის მიზეზით არ ჩაიბარა, ხოლო სამუშაოთა მწარმოებელი ფირმა თანხის გარეშე დარჩა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა