დევნილებმა ქუთაისის მერი პრეზიდენტით "შეაშინეს"
ქუთაისში, ლეჟავას ქუჩის №3-ში მცხოვრები
დევნილების ერთთვიანი უშუქობის საკითხი დღეს გადაწყდა. „დავალიანების
გასასტუმრებლად ქალაქის მერი ფულად დახმარებას 500 ლარს
შეგვპირდა“, - ამბობს ლეჟავას ქუჩის
№3-ში მცხოვრები დევნილი ნინელი
ბაღათურია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის
თანხის გადარიცხვის საკითხს, ხელი უკვე მოეწერა.
კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ერთი თვის
განმავლობაში ელექტროენერგია დავალიანების გამო არ მიეწოდებოდათ. ერთი თვის
დავალიანებამ 12 ოჯახზე 423 ლარი შედგინა. „ბოლოს 25 მარტს გადავიხადეთ 400 ლარი.
ამის შემდეგ მოგვივიდა დავალიანება 423 ლარი.
ზამთარში 400 ლარზე მეტი არ გადაგვიხდია და ახლა ზაფხულზე მეტი ელექტოენერგია
დავხარჯებთ? ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ეს
არ არის ჩვენი დავალიანება. გვაქვს
ინდივიდუალური მრიცხველები და რომ დავაჯამეთ, უფრო ნაკლები დანახარჯი გამოვიდა,
ვიდრე საერთო მრიცხველზეა. სწორედ ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს“, - აცხადებენ დევნილები.
ქალაქის მერია, დევნილების პრობლემის მოგვარებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მიმდინარე წლის 28 მაისს, ქუთაისში, კლინიკური
საავადმყოფოს გასახსნელად ჩამოსული პრეზიდენტისთვის დევნილები თავიანთი პრობლემის მოყოლას
შეეცადნენ.
„მერმა ჩვენი პრობლემა აქამდეც იცოდა. ქალქის
მერი შემთხვევით ვნახეთ მოსახლეობას რომ ხვდეობდა. თორემ ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. დაპირება კი
იყო, რეაგირება - არა. მაგრამ, 28 მაისს ყველაფრის რწმენა დამეკარგა. პრეზიდენტს ხუთი
დაცვა ჰყავდა, მე კი 50 ადამიანი დამყვებოდა, რომ არაფერი მეთქვა პრეზიდენტისთვის.
მართალი გითხრათ, მე შემეძლო პირადად
წერილი გადამეცა პრეზიდენტისთვის ისე
ახლოს ვიდექი, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე“, - ამბობს დევნილი ბაღათურია.
დევნილებმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა და
თავიანთ პრობლემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დევნილთა ადგილობრივი შტაბიდან დახმარების
მიღების იმედი ამოეწურათ. „რატომ არის ეს შტაბი აქ ვერ გავიგე, თუ
დახმარებას ვერ გვიწევენ?!. ჩვენთვის არც
მაჟორიტარი არსებობს. ჩვენი უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა არც კი
იცის ჩვენი პრობლემა. ამიტომაც ხმებზე არჩევნების დროს ვერავინ მოვა აქ!“, - აცხადებენ დევნილები.
„მე მართლაც
არაფერი ვიცოდი მათი პრობლემის შესახებ. ეს ცოტა მოგვიანებით გავიგე“ – ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მეშველიანი.
ავტორი: თეკლა მორგოშია