მოიზიდავს თუ არა ინვესტიციებს დაცული ტერიტორიები?
გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს დაცული ტერიტორიების ათწლიან საინვესტიციო გეგმაზე მუშაობა
დასრულა.
საინვესტიციო გეგმაში წარმოდგენილია, თუ რა ძირითადი მიმართულებებით უნდა განხორციელდეს დაცული ტერიტორიების ფინანსური ხელშეწყობა და რა თანხებია საჭირო 10 წლის განმავლობაში პრიორიტეტული მიმართულებებისათვის. საინვესტიციო გეგმა გულისხმობს ინვესტირებას საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემაში. შესაბამისად, მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა დაცულ ტერიტორიას. გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ლიი თომასმა.
საქართველოს
გარმოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ,
რომ საინვესტიციო გეგმა შემუშავდა რვა ძირითადი პრიორიტეტული, თემატური სფეროსთვის დამატებითი რესურსების უზრუნველყოფის მიზნით. ესენია: სასკოლო–საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება, არსებული და გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, ინვესტირება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადამიანურ რესურსებში და ინსტიტუციურ შესაძლებლობებში, კერძო სექტორის ჩართულობის ზრდისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაძლებლობების ზრდა, ტურიზმის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებული პროგრამის გაფართოება, ინვესტირება დაცული ტერიტორიების ოპერაციული ეფექტურობის ზრდის მიზნით, მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის დანერგვა, სოციო-ეკონომიკური
პროექტების განხორციელება დაცული ტერიტორიების მიმდებარე ადგილობრივი თემებისთვის.
გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საინვესტიციო გეგმა გულისხმობს, დაცული ტერიტორიების ფინანსურ ხელშეწყობას. გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სისტემაში ყოველწლიურად საჭიროა დამატებით, დაახლოებით, 8,7 მლნ. ლარის ინვესტირება. „დამატებითი საინვესტიციო თანხების მოძიება ძირითადად უნდა მოხდეს დონორ ორგანიზაციებთან. გეგმა გულისხმობს ზემოთმოყვანილი პრიორიტეტული მიმართულებების ეტაპობრივად განხორციელებას. გეგმა არ გულისხმობს დაცული ტერიტორიების გასხვისებას ან პროფილის შეცვლას,“ - აღნიშნულია გარემოს
დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამჟამად, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 511 123 ჰა–ს შეადგეს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. სახელმწიფო ნაკრძალები -
141 473 ჰა–ს შეადგენს; ეროვნული პარკები ფართობი - 270 740,83 ჰა; აღკვეთილები - 64 085 ჰა; ბუნების ძეგლები - 314 ჰა; დაცული ლანდშაფტი - 34 510 ჰა.
იმერეთის რეგიონში დაცულ ტერიტორიებში აჯამეთის
სახელმწიფო ნაკრძალი და იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი შედის.
ავტორი: თეონა ხარაბაძე