|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დანაშაული არ არის მხოლოდ პოლიციის და პროკურორის თემა“

სისხლის სამართლის დევნისაგან გათავისუფლებული 145 არასრულწლოვანი და 500 სრულწლოვანი პირი – ამგვარია სტატისტიკა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ  საჯარო დისკუსიაზე წარმოადგინა. განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის თემაზე დისკუსია დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.  

„განრიდება და მედიაცია,  ეს არის პროცესი როდესაც პროკურორს აქვს შესაძლებლობა არ დაიწყოს სისხლის სამართლბრივი დევნა პირზე, იქნება ეს სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი. ეს არის საშუალება მოვახდინოთ პირის რესოციალიზაცია არა ციხეში გაშვებით, არამედ ალტერნატიული ღონისძიებებით. ეს იქნება ზიანის ანაზღაურება, დაზარალებულთან შერიგება თუ გარკვეული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. დანაშაული არ არის მხოლოდ პოლიციის და პროკურორის თემა, ეს არის ზოგადად საზოგადოებრივი საკითხი. ამიტომ,  მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხებში,“ – ამბობს ოთარ კახიძე.

განრიდებისა და მედიაციის საპილოტე პროგრამა არასრულწლოვნებისათვის 2010 წლის 1 ოტქომბრიდან, საქართველოს 4 ქალაქში  (ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი) ამოქმედდა. ხოლო 2011  წლის დეკემბრიდან სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, დანაშულის ჩამდენი პირისა და დაზარალებულის შერიგება.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყენებთ ამ მექანიზმს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია საქმე არ მივიდეს განრიდებამდე. ამიტომ, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები დანაშაულის პრევენციის კუთხითაც მუშაობენ,“ – ამბობს ოთარ კახიძე.

დისკუსიაში მონაწილე სტუდენტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ საპილოტე პროგრამა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

„თავის დროზე, 2007 წელს სახელმწიფომ დანაშაულთან ბრზოლისას ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა.  ხოლო 2009 წლიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე გადავედით. მიმაჩნია, რომ ლიბერალიზაციის ერთ–ერთ კომპონენტს განრიდება და მედიაცია წარმოადგენს,“ – ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი ლევან ვეფხვაძე.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის დახლოებით 11 ქალაქში ხორციელდება. წლის ბოლმდე კი მისი ამოქმედება მთელი  ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა