წულუკიანი: საქართველოს მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები
საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები,–ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, წულუკიანისთვის სოფელ ჭელაში მეჩეთზე არსებული მინარეთის დემონტაჟის ფორმა მიუღებელია.
“ადრე თუ გვიან, ქართულ საზოგადოებას მოუწევს იმსჯელოს, უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები. მინარეთების თემა არ უნდა იყოს ტაბუდადებული და საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თემაზე ყველა მხარის ჩართულობით. მინარეთზე არ არის დამოკიდებული, იქნება თუ არა მეჩეთში ლოცვა. ჭელაში არსებულ მეჩეთში ლოცვას ხელი არ ეშლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, თუ საბაჟოზე მებაჟეებს ტვირთი “გაეპარათ”, მებაჟეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ მინარეთს შეცვლილი ჰქონდა კოდი და ის, რაც თურქეთში მინარეთი იყო, საქართველოში შემოვიდა როგორც ლითონის კონსტრუქცია.
“თუმცა ამის მიუხედავად, მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, შემეშინდებოდა შევხებოდი, თუნდაც უკანონოდ მიშენებულ მინარეთს. ადიგენის საკრებულო და გამგეობა ჯერ ისევ “ნაციონალური მოძრაობის” მოედანია. “ნაციონალური მოძრაობა” კი, რელიგიურ დაწესებულებებზე აგრესიას წარსულიდანვე მიჩვეულია. უკანონო კონსტრუქციები, რასაკვირველია, არ უნდა აღიმართოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, ამგვარი საკითხების პრევენცია და არა აღმართული მინარეთის დემონტაჟი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აქვე დასძინა, რომ პოლიციაზე ხელის აღმართვისთვის თანამდებობის მიუხედავად, ყველა პირი თანაბრად დაისჯება და ეს უნდა გაითვალისწინონ.
შეგახსენებთ, გუშინ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პოლიციამ ადგილობრივები დააშინა და ტელეფონები გაათიშინა.
ავტორი: ნიუპრესი